logo
ENG



Traffic travel-ის წარმომადგენელი:როგორ უნდა მოხდეს რეგულაციების ფონზე ტურიზმის ამუშავება, ბუნდოვანია

15 ივნ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ასევე გაიხსნა შიდა ტურიზმი. 

რკინიგზაში აცხადებენ, რომ ისინი დაწესებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. კომპანია ატარებს მატარებლებში დეზინფექციას, კეთდება მგზავრების თერმოსკრინინგი და მათ მგზავრობის დროს პირბადეები უნდა ეკეთოთ. იკრძალება კონდიციონერის ჩართვა მგზავრობის დროს. საქართველოს რკინიგზა სულ 5 მიმართულებით გადაიყვანეს მგზავრებს, ხოლო დღეში ერთხელ ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს. 

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ისიც დღეიდან ამოქმედდა, თუმცა სასტუმროების ნაწილმა ვერ შეძლო მუშაობის დაწყება. ნაწილმა დაწესებული რეგულაციების მიხედვით არსებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, ხოლო ნაწილმა სასტუმრო იმიტომ არ გახსნა, რომ ვერ შეძლებენ იმ შემოსავლის მიღებას, რაც ბიზნესისთვის იქნებოდა საჭირო, ამიტომ მათ არჩიეს - სასტუმროები დაეხურათ. 

არ გაიხსნა სასტუმროების ნაწილი თბილისშიც, რადგან მათი განმარტებით, ისინი მუშაობენ არა ადგილობრივებზე, არამედ საერთაშორისო ტურისტებზე. ასევე რთულია ვითარება რეგიონებში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.

ტურისტული კომპანია Traffic travel-ის წარმომადგენელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ უნდა მოხდეს ტურიზმის ამუშავება, დაწესებული რეგულაციების პირობებში. 

"ჩვენი ინფორმაციით, სასტუმროების უმეტესობა არ არის გახსნილი, რადგან შემოწმება ვერ გაიარეს. მათი დიდი ნაწილიც არ არის გახსნილი. ჯარიმის დაწერის შიშით სასტუმროებმა უარი თქვეს მუშაობის დაწყებაზე. ეს ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე არის პრობლემა, რომელიც კონდიციონერებს უკავშირდება. როგორ უნდა მოხდეს ამ რეგულაციების ფონზე ტურიზმის ამუშავება, ჩემთვის ბუნდოვანია", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე სასტუმროებში ფასების ზრდას ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ ფიქსირდება. 

"თვითონ სასტუმრო პერსონალი უზრუნველყოფს თერმოსკრინინგს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრულია მომხმარებლის სასტუმროში შესვლის მომენტიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ფასებს, ფასების ზრდა სამომავლოდ მოსალოდნელია, თუმცა ამ ეტაპზე მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება", - ამბობს კვაჭანტირაძე. 

 


close დახურვა